მძულს უპასუხო კითხვა, ცოდვით ნაშოვნი ფული, მძულს ჭორი, მოთქმა - მითქმა, სიბილწით სავსე სული, ნაცრის შემოყრა თვალში, მითვისებული გრძნობა, არ შეყოვნება კარში, ფეხაცდენილის გმობა. მძულს გატეხილი ფიცი, დაგინებული დედა, ის რომ არც არა იცი, დაბნელებული ხედვა. მძულს მიტოვება ქალის, ურცხვად ჩაკლული სული, არ დაბრუნება ვალის, არ გაყოფილი პური. ქედს სიალალეს ვუხრი, გულის გულამდე მიმყავს, ღმერთთან მოყრილი მუხლი და სიყვარული მიყვარს...