დედი
ვიდრე შენ მყავხარ, ეს მინდა რომ გითხრა მანამდე,
თორემ რამდენმა სინანულმა წალეკა წლები,
გახსოვს, ბაფთიანს მაცილებდი დილით კარამდე,
და მერე დიდხანს მომყვებოდა ნაცნობი ხმები.
ქუდს ნუ მოიხდი, აგტკივდება მერე ყურები,
ჩქარა დაბრუნდი, არ იარო ქუჩაში მარტო,
და როს სკოლიდან დაბრუნებულს დამიგულებდი,
ჰოი, რარიგად გიხაროდა...(დღეს იმ დროს ვნატრობ..)
მე ახლა ვხვდები, შენს თვალებში უფალი სახლობს,
მაგ ხელთა სითბო, უფლის ხელთა სითბოს ტოლია,
დღეს მე ქალი ვარ, მაინც ლოცვით დამყვები ახლოს,
შენზე ერთგული ქვეყნად თურმე არვინ მყოლია.
ახლა მსურს გითხრა, დარდად რომ არ შემომრჩეს მერე,
დღეს, სულ ახალი შეგამჩნიე თვალთან ხაზები...
დედი, ერთხელაც შენი ტკბილი ნანა მიმღერე,
დამბერებიხარ, თუმც დღეს უფრო მელამაზები.