მარიამი (ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. " შეუპოვარი ", " დაუმორჩილებელი ", " უარმყოფელი " ; 2. " მწარე " ; 3. " ქალბატონი " ; 4. " საყვარელი უფლისა ". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.