გოდერძი ჩოხელი: მოხევის სადღეგრძელო
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
აყაყანებულ ქორწილის სუფრაზე შუახნის მოხევემ სუფრის თამადას ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა და თანხმობა მიიღო. თამადა ფეხზე წამოდგა, ჩანგალი თეფშზე დააწკრიალა, რომ ხალხის ყურადღება მიეპყრო და გამოაცხადა:
– ხალხო, ჩვენ მოხევეს სადღეგრძელოს თქმა სურს, თუ შეიძლება მოვუსმინოთ!
მოხევის გაგონებაზე ახმაურებული მექორწილენი უცებ გაჩუმდნენ და ყველამ იქეთ გაიხედა, სადაც მოხევე წამოდგა და განსხვავებული სასმისი მოითხოვა.
რატომღაც ყველა მოელოდა, რომ მოხევე ხევის მთებივით მაღალი და მხარბეჭიანი იქნებოდა. მათ წინ კი შუახანს მიღწეული, გამხდარი, დაბალი ტან