ბოლო 10 წელია ამ საფლავზე მიმსვლელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. აქ დედა ანასტასია განისვენებს. 44 წლის წინ გარდაცვლილი დედა ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს თან ვაშლები მიაქვთ, რომლებსაც ჯვრის სახით აწყობენ. ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი ვაშლით განკურნა.
ნაძალადევში, ხიმშიაშვილის 11 ნომერში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მჯდომარე ანასტასიას სიცოცხლეში. აქ ახლა მისი დიშვილი, 79 წლის გიორგი საზონოვი ცხოვრობს. იგი სალოს დეიდას 30 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა.
გიორგი საზონოვი იხსენებს, რომ დედა ანასტასია ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ფეხები მუხლებს ქვემოთ შეუხორცდა და ვეღარ ამოძრავებდა. მჯდომარედ ყოფნის მძიმე ტვირთი 19 წლის ანასტასიამ საყვარელი ადამიანის თვითმკვლელობის გამო იტვირთა..ანასტასია საზანოვა თბილისში 1886 წელს დაიბადა. დედა პატარას გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა. გოგონა ეკლესიურად ცხოვრობდა და სახლთან ახლოს მდებარე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. სლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მან ღარიბ ოფიცერზე შეაჩერა არჩევანი და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს გერის ეკლესიური ცხოვრებაცა და მისი საქმროც ძალიან აღიზიანებდა. 1905 წელს, პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში, გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა, -ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი.
ამ დროს ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და იმ დღიდან მლოცველად დაეყუდა. მას სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. ხალხმა მას "მჯდომარე ანასტასია" შეარქვა.
ანასტასიასთან უამრავი მნახველი მიდიოდა. რჩევას ეკითხებოდნენ და დალოცვას სთხოვდნენ. მნახველთა შორის ერთ-ერთი იყო არქიმანდრიტი -რაფაელ კარელინი, რომელიც თავის წიგნში -"გადარჩენის საიდუმლო" წერს: "საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა, ამ სტრიქონების მკითხველს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება... ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას ანათებდა. მისი გამჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა. ადამიანი გრძნობდა, რომ სულში ჩახედეს და მთელი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს".
გიორგი საზანოვი 4 წლის იყო, როდესაც მშობლებმა რუსეთიდან ჩამოიყვანეს. დეიდაც პირველად მაშინ ნახა. ის დღემდე ამ სახლში ცხოვრობს.
გიორგი საზანოვი, ანასტასიას დისშვილი:
-პატარა ვიყავი და მაშინ ბევრი რამ არ მესმოდა. ერთხელ, ზამთარში დედამ ცოცხი მომცა და მთხოვა, ანასტასიას სხეული თოვლისგან გამეწმინდა. მე კიდევ, ცოცხი ავიღე და ანასტასიას დავარტყი. ამის გამო დედამ მკაცრი შენიშვნა მომცა.
-დედინაცვალი როგორ ექცეოდა ანასტასიას?
-ძალიან ცუდად. ყინვაში გამოდიოდა და ცივ წყალს ასხამდა... ერთხელ გამოუცხადა, შუა ეზოში რომ ზიხარ, გზაზე სიარულში ხელს მიშლიო, და პატარა ქოხში შეუშვა. ნახეთ, ახლაცაა შემორჩენილი, მაგრამ ძაღლის სადგომს უფრო ჰგავს, ვიდრე თავშესაფარს. ანასტასია არც სკამზე იჯდა, არც მუხლებზე. 65 წლის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ქუსლებზე იჯდა.
-ავად არასდროს გამხდარა?
-წვიმასა და თოვლში, 24 საათი გარეთ იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ ავად არასდროს გამხდარა. ღამის ქოთანი ისეთი დაჟანგული იყო, ხელი გაგეჭრებოდათ, მაგრამ ჭრილობა არასდროს დასჩირქებია. როცა წამოვიზარდე, მე ვუვლიდი. გავიღვიძებდი თუ არა, მაშინვე მასთან მივდიოდი. მეტყოდა ხოლმე, წყალი მომიტანეო და ამისათვის 5 კაპიკს მჩუქნიდა, რომელსაც მნახველები უტოვებდნენ.
-ბევრი მნახველი მოდიოდა?
-დეიდა მოსალოდნელ განსაცდელს წინასწარ გრძნობდა, ამიტომაც მასთან უამრავი მნახველი მოდიოდა. ხშირად თავს ისულელებდა, ვითომ ვერაფერს ხვდებოდა... ტკბილად მოსაუბრე იყო, თუმცა ბევრ ადამიანს პირდაპირ ამხელდა ცოდვაში. ზოგიერთისგან იღებდა ხილს, საჭმელს, ზოგს კი ეზოში არ უშვებდა, მოტანილ ხილს მიწაზე დაუგორებდა ხოლმე. ეზოს იქით ბავშვები თამაშობდნენ და ისინიც მაშინვე დასტაცებდნენ ხოლმე ხელს. ეზოდან სულ ისმოდა გალობის ხმა... მნახველთა სიმრავლის გამო წინ სკამები დავდგი, მლოცველები ისხდნენ და საუბრობდნენ. მილიციის უფროსი ქუჩის დასაწყისში მორიგეობდა; ხმას როცა გაიგებდა, ხალხს მაშინვე გარეკავდა. არადა, დეიდას მაღალჩინოსნებიც აკითხავდნენ. ერთხელ მასთან ვასილ მჟავანაძე (საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი. -ავტ.) მივიდა. მე ბურთი მომცეს და სათამაშოდ გამიშვეს. წლების შემდეგ გავიგე მათი საუბრის შინაარსი. ანასტასიას მჟავანაძისთვის უთქვამს: "ერთ წელიწადში წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეთეთო". მართლაც, მჟავანაძემ რუსეთიდან ფინანსები გამოითხოვა და ჯებირები გააკეთა. სწორედ იმ წელს, ანასტასიამ როგორც იწინასწარმეტყველა, მართლაც მოხდა წყალდიდობა, მაგრამ თბილისი გადარჩა. გადმოცემით ვიცი, რომ მასთან ლავრენტი ბერიას დედაც დადიოდა და სთხოვდა, მისი შვილისთვის ელოცა. ანასტასიასთან მშობლებს სნეული შვილებიც მიჰყავდათ. დეიდა აიღებდა ვაშლს, ილოცებდა და ჯვარს გადასახავდა. ამ ვაშლის ჭამით ბევრი ადამიანი განკურნებულა... ხალხი მას ისე ექცეოდა, როგორც წმინდანს: მისი ნაბანი წყალი სახლშიც კი მიჰქონდათ. ანასტასიასთან სასულიერო პირებიც მოდიოდნენ. დეიდა აღსარებასაც ამბობდა და ეზიარებოდა კიდეც... ჩვენ მეზობლად ოჯახი ცხოვრობდა. დიდი, ორსართულიანი სახლი ჰქონდათ, თუმცა ორივე შვილი ავად ჰყავდათ. ანასტასიასთან ხშირად მოდიოდნენ რჩევის საკითხავად. ის კი დაჟინებით იმეორებდა, -სოფელში წადით და ყველაფერი კარგად იქნებაო. ბოლოს რჩევა ყურად იღეს, სახლი გაყიდეს და კახეთში წავიდნენ. ცოტა ხანში ორივე შვილი გამოჯანმრთელდა.
-თქვენ თუ გაძლევდათ რჩევებს ან თავად ხომ არ გადაგხდენიათ სასწაული?
-კი, რჩევებს სულ მაძლევდა. რაც მითხრა, ამისრულდა კიდეც, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა... ერთ შემთხვევას მოგიყვებით: ჩემმა მეგობარმა მანქანა იყიდა და გადავწყვიტეთ, ქალაქგარეთ წავსულიყავით. ფული არ გვქონდა, რომ საკმარისი ბენზინი ჩაგვესხა. დეიდასთან მივედი და ვთხოვე, მომეცი-მეთქი. არ მომცა, მშვიდად მითხრა, -წადით და ყველაფერი კარგად იქნებაო. სხვა რა გზა გვქონდა, უფულოდ წავედით. მახსოვს, იმ დღეს ძლიერი ქარი იყო და იძულებული გავხდით, გავჩერებულიყავით. უეცრად მეგობარმა დამიძახა: მოდი, ფული ვიპოვეო! მივედი და ვნახე, რომ 25 მანეთი ეპოვა. ეს მაშინ დიდი ფული იყო.
-როდის გარდაიცვალა?
-1970 წელი იყო. დილით სამსახურში მივდიოდი. გამოვედი ეზოში და ვხედავ, ანასტასია ქოხის კედელს მიყუდებია და თვალები დახუჭული აქვს. როდესაც ახლოს მივედი, უკვე გარდაცვლილი იყო. პანაშვიდებზე ზღვა ხალხი მოვიდა, ამიტომ დიდხანს ვერ დავასაფლავეთ. სასულიერო პირებმა წესი აუგეს. როგორც გითხარით, 65 წელი ქუსლებზე იდგა და ფეხები შეხორცებული ჰქონდა. ამიტომ მის ცხედარს ზომები ავუღეთ, სპეციალური ყუთი გავუკეთეთ და ისე დავმარხეთ.
ანასტასიას საფლავს, კუკიაზე კითხვა-კითხვით მივაგენი. ის საგულდაგულოდაა მოვლილი. მლოცველები აქ დღემდე დადიან, საფლავზე ვაშლებს აწყობენ, სანთლებს ანთებენ და ანასტასიას შემწეობას სთხოვენ: ავადმყოფები -ჯანმრთელობას, უშვილოები -შვილს, შეყვარებულები კი სიყვარულის მფარველობას ევედრებიან. სასაფლაოსთან სავედრებელი წერილებით სავსე პარკი დევს...
ლევან ჟორჟოლიანი.. https://www.youtube.com/watch?v=AOoHoo4jL_o


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 97