გილოცავთ ჩვენი უფალი ღმერთის და მაცხოვრის იესო ქრისტეს მირქმის/მიგებების დიდებულ დღესასწაულს. მრავალს დაგასწროთ ღმერთმა თქვენს ოჯახებთან და ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად. უფლის მირქმის მადლი ჰფარავდეს ყოველ ჩვენთაგანს, ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს და სრულიად საქრისტიანოს. ✞ ამ დიდებულ დღეს - სამწმიდა ღმერთს, დედა-ღვთისმშობელს, ყველა ზეციურ ძალას და ცათა სასუფეველში მსუფევ წმიდა და მართალ ადამიანებს განაკუთრებულად მინდა შევთხოვო ჩვენი სულიერი მამის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის გამოჯანმრთელება და მზეგრძელობა. დაე, ერისთვის დამაშვრალ მეუფეს ჩვენსას კიდევ მრავალ ჟამს ეღვაწოს საქართველოს დედა-ეკლესიის, ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ამინ. ✞ დღესდღეობით, როდესაც ყოველმხრივ ესოდენ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით ქართველი ხალხი, მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი პატრიარქის ერთობ ბრძნული - სამშობლოს სიყვარულით და ეროვნული ღირსების შეგნებით გამსჭვალული დარიგება ჩვენდამი: „სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, ღირსეულ საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს. შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგერბლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე, და მან შექმნას რაიმე ღირებული. შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და ააშენოს სრულფასოვანი სახელმწიფო“. ✞ ძმებო და დებო, სიღრმისეულად გავიცნობიეროთ პატრიარქის ეს შეგონება, რომელიც კურთხევის ტოლფასია: ქართველობამ, მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ მხოლოდ უფალზე და ჩვენს თავზე დავამყაროთ იმედი. ყოვლისშემძლე და ყოვლისგამრიგე ღმერთის თანადგომის რწმენით წინ აღვუდგეთ „მეგობრობის“ შირმით შემოსეული მძლავრი მტრის ძალადობას - „დემოკრატიზმისა“ და „ლიბერალიზმის“ დამკვიდრებით შენიღბულს. დავთრგუნოთ ჩვენს ცნობიერებაში დამპყრობლისაგან ჩაბეჭდილი მონური ფსიქოლოგია რამის „ნაწილად“ ყოფნისა, პატივი ვცეთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს და ვიღვაწოთ ნამდვილი ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად. სრულად გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის და მშობელი ერის წინაშე, წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე, აღვიდგინოთ ეროვნული ღირსება და შევიქმნათ შემომქმედნი სრულფასოვანი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ყოველთვის რაღაცის „ნაწილი“ იქნება და ვერასოდეს ჩამოყალიბდება სრულყოფილ სუვერენულ, ღირსეულ სახელმწიფოდ. ნუ იყოფინ, უფალო! ✞ ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ მონაკვეთი გაზ. „ასავალ დასავალის“ რედაქტორის და საზოგადო მოღვაწის, ერზე მჭმუნვარე მამულიშვილის ლაშა ნადარეიშვილის ლექსიდან: „ვარ ქართველი, ესე იგი...“, რომელშიც იკვეთება მოწოდება, რომ, მიუხედავად არსებული უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობისა, ქართველობამ არ უნდა დავკარგოთ უკეთესი მომავლის იმედი და მუდამ ბრძოლისთვის მზადმყოფობაში ვიმყოფებოდეთ. „დარუბანდის კართან გელი, არც - სამშობლო... არც - მხედრობა... ვარ ქართველი, ესე იგი, შემრჩა ბრძოლის თავხედობა!“

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев