აღსარება ქუთაისს
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
- ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე და
მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული. ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას. ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს:
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი.
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე…
მატარებლიდა ქუთაისი გაშლილია მოწყენილი შარა.
მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.
მე მივდივარ მატარებლით ჩქარა
და შორიდან ქუთაისი მოჩანს.
იქ აგდია სადღაც ძველი ლოდი,
ჩემთან მორბის მატარებლის ჩრდილიც.
და ვიგრძენი, რომ ზეციდან მოდის
სიხარული ამნაირი დილის.
ახლა მორჩა, დამავიწყდა ისიც,
ქარი მისდევს გაყვითლებულ ფურცლებს,
ისევ ვდარდობ და სიმღერა ისმის,
და ძვირფასო, მაგონდები უცებ.
ახლა ვატყობ, რომ ეს ბედი გღუპავს,
და ღონდები, რადგან ჩემთან არ ხარ.
მიხარია და მადლობა უფალს,
რომ მეღირსა ქუთაისის ნახვა.
გაშლილია მოწყენილი შარა,
მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.
მე მივდივარ მატარებლით ჩქარა
და შორიდან ქუთაისი მოჩანს.
ტერენტი გრანელი
Комментарии 12