გაგანია აგვისტოა. ვაჟადან ვარკეთილში მომავალ მარშუტკაში ავეტენე. უჩემოდაც ერთმანეთს ატუზული ხალხი ბუზღუნ-ბუზღუნით გადაიწია და როგორღაც მეც დავდექი.
თვალის პირველივე გადავლებაზე ნაცნობი სახე დავინახე. ამ სახეს რა დამავიწყებს, ქერა, ნაცრისფერთვალება, გამხდარი სახით და აპარსული კეფით. შეხედვისთანავე ჯარისკაცს იცნობს დაკვირვებული თვალი. მანაც შემომხედა, მიცნო და უსიტყვოდ დავუქნიეთ ერთმანეთს თავი. სულ ეს იყო, არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს.
.*************
დაბომბვაში მოყოლილმა დანაყოფმა თავისუფალი მანქანები გამოიძახა და გავედით. ადგილზე ჯოჯოხეთი დაგვხვდა. ერთმანეთში არეული მკვდრები და დაჭრილები, დაბომბვას გადარჩენილი და დაბორიალებული ხალხი სხვების დახმარებას ცდილობდნენ.
-სანამ მეორე წრეზე წამოსულა, მანამდე უნდა გაიყვანოთ დაჭრილები და მკვდრები - მეგრული კილოთი ყვირის შუბლგახეთქილი სერჟანტი, ცალი ხელით ბინტს იჭერს ჭრილობაზე და მეორეთი საკაცეს აწევაში მეხმარება.
პირველად მაშინ ვნახე. ხის ძირში იჯდა და მარცხენა ხელზე ლახტის დადებას ცდილობდა. ორ ადგილას იყო დაჭრილი: იდაყვის მაღლა ხორცი გამოეგლიჯა ნასხვრევს, მარცხენა ბეჭიდან კი დაგრეხილი რკინის ნაჭერი ამოსჩროდა.
-არ წამოვალ, სხვები უფრო მძიმედ არიან - გაფარჩხა ფეხები და წამოდგომა სცადა. ძალით დავაგდეთ ჰაილუქსის ძარაზე და სხვებთან ერთად საველე ლაზარეთში, ტყვიავისკენ გავაქანეთ. დარჩენილები უკვე გადიოდნენ დაბომბვის ზონიდან. ცრემლიანი თვალებით უყურებდა როგორ მიდიოდნენ მისი ბიჭები უკანმოუხედავად და ხვეწნა დაგვიწყო დამტოვეთო. რომ მიხვდა, ხვეწნით ვერაფერს გააწყობდა, ისე ლაზათიანად გვაგინა მთელი გზა, რომ კახეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცი გამაკვირვა.
საველე ლაზარეთში მიყვანისთანავე თბილისში გადაამისართეს და პირველივე სასწრაფოს გააყოლეს გადაუდებლად საოპერაციოდ. ადგილზე გამაყუჩებლის გაკეთების და გათიშვის მიუხედავად იარაღი არ გაუშვა ხელიდან, თან წაიღო.
.*************
როგორც ყველა მარშუტკაში, აქაც ზუზუნი, ოფლის და ოფლის სუნის დასაფრად მომეტებულად დასხმული სუნამოს სუნი დგას. ამა დამატებული რადიოს ფანოღი და ნახევარ საათიანი ბედნიერი მგზავრობის რეცეპტი მზადაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მარშუტკა მირჩევნი მეტროს. მეტროში ყველა ჩუმადაა, ალბათ მიწის ქვეშ ყოფნა თავისებურ გავლენას ახდენს ხალხზე, იშვიათად რომ რამე საინტერესო მოხდეს.
მარშუტკა სხვაა: აქ ყოველთვის ხალისანი სიტუაციებია, იუმორი, ცოცხალი კურიოზები, პოლიტიკა და ახალი ჭორების გავრცელების უპირველესი ადგილია. მთვარია ხასიათზე იყო და აქ არ მოიწყენ.
ჩემი ნაცნობი ჩემიდან მეოთხე დგას. სკამების მაღლა თროებს ორივე ხელით ისეა ჩაჭიდებული, რომ თითის წვერები აქვს გათეთრებული. წამით მის თითებს ვუყურებ და ისევ თვალებს ვხრი. ასე ჩაჭიდების მიზეზს უსიტყვოდ ვხვდები.
ჩვენს შორის სამი ხმაურიანი და ყველაფერზე რომ იცინიან, ისეთი ახალგაზრდა დგას. მის იქით კი ოთხმოც წელს მიტანებულ, ჩირივით გამომშრალ ბერიკაცს ამოუყვია გახუნებული კოსტუმიდან ქუდიანი თავი. ეტყობა ისევ ძველ დროს მისტირის და გულზე ორ წყებად საგულდაგულოდ გაპრიალებული მედლები ჰკიდია. სახეზე ეტყობა, იმ მოხუცების ჯიშისაა ყველაფერზე რომ ბუზღუნებენ და სხვების სიცოცხლის გამწარება საკუთარ სპორტად უქცევით. მთელი გზა რაღაცაზე ბურტყუნებს, ხან უზრდელ ახალ თაობაზე, ადგილი რომ არ დაუთმეს, ხან ახალგაზრდების ხმამაღალ სიცილზე, ბოლოს მძღოლს და მისი მართვის მოწმობის გამცემს გადასწვდა.
.**********
მეორედ ჩემთან, ბრიგადაში ვნახე, ქუთაისში. ახალი ბატალიონი ივსებოდა მოხალისეებით საავღანეთოდ. ახლებით გაივსო ნაწილი.
სასადილოში ექვს კაციან მაგიდას ოთხნი ვუზივართ, ვსადილობთ. ჯერ შორიდან შეგვათვალიერა და მერე პირდაპირ მოგვადგა. დაჯდომა ითხოვა. პასუხს დაელოდა და დაჯდა.
რამდენიმე წამს უხმოდ გვათვალიერა და მერე გამოგველაპარაკა. ოთხიდან მე და მედიკოსი ვართ იმ მანქანიდან, რომლითაც დაჭრილი წამოვიყვანეთ. გამოგვეცნაურა და მისი გამოყვანის ამბავი გაიხსენა, ცდილობს თვი გაგვახსენოს.
- არც გაგვიგია მასეთი ამბავი - ვეუბნები და მშვიდად ვაგრძელებ ჭამას. გული დასწყდა, ვიცი რომ ქუთაისიდან იყვნენ და მიგამგვანეთო. დაველოდეთ სანამ ჭამას დაამთავრებდა და წამოვედით. არ ღირდა სიმართლის თქმა, დავალებულად გრძნობდა თავს და პატივისცემას შეეცდებოდა.
მალე ავღანეთში წავიდა და აქამდე აღარც მენახა. მხოლოდ ამბად გავიგეთ...
.******************
მეიდნამდე იხმაურეს და იცინეს ახალგაზრდებმა. მეიდანზე გაჩერება მოითხოვეს და როგორც ყველა მარშუტკის მძღოლმა, ჩვენმა შუმახერმაც ბოლომდე დაადგა მუხრუჭს. ვინც იჯდა საზურგეებს ჩაეხუტა, ვინც ვიდექით ერთმანეთს მივაწყდით. ჯარისკაცი ადგილს მოსწყდა, წაბარბაცდა და ძლივს შეიკავა თავი დაცემისგან. ძლივს დაწყნარებული მედალოსანი ისევ აყვირდა. როგორც გაირკვა, ფეხი დაუდგამს ფეხზე. ჯერ მარშუტკის მძღოლი გამოლანძღა, მერე მთვარ დამნასავეს მიუბრუნდა. ყურებამდე გაწითლებული ცდილობდა მობოდიშებას და რაც უფრო მეტს ბოდიშობდა, მით უფრო ცეცხლდებოდა მოხუცებული. უამრავ რამეში დასდო ბრალი, მოუქნელობაში, უფროსის უპატივცემულობაში, ბოდიშის მოხდაზეც იჯაჯღანა და სანამ ბოლომდე დაწყნარდებოდა ბოლო ორთქლი გამოუშვა:
-ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, ორივე ფეხს მიგამტვრევდი...
.**********
ჰელმანდის პროვინციაში, წითელ გზაზე კომბინირებული პატრული მოძრაობს. ექვსი საბრძოლო მანქანა ,,MRAP” მიუყვება მუხლამდე მტვით დაფარულ გზას. უახლოეს სოფელთან ჩერდებიან და უკანა კარიდან პირველი სვიპერი ჩამოდის. ნაღმმძებნით ამოწმებს ნიადაგს და მერეღა ქვეითდებიან სხვები. მანქანები სამ ჯგუფად იყოფიან და სოფლის შესასვლელ-გასასვლელ გზებს კეტავენ. ქვეითები ერთ მწკრივად შედიან სოფელში.
სოფელს რაღაც რთულად დასამახსოვრებელი სახელი ჰქვია, ამიტომ ხუმრობით ვავას ეძახიან. რაიონის ყველაზე რთული დასახლებაა, თან საკვანძო ადგილზეა და მეთაურობის მოთხოვნაა, რომ კონტროლის ქვეშ იყოს. აქ შემოსვლა უეჭველ ბრძოლას უდრის. ჯერჯერობით იღბალი ამათ მხარესაა. არავინ აფეთქებულა და სროლაშიც მხოლოდ ორი კაცი დაეჭრათ მსუბუქად.
პატრული საჭირო სახლთან მიდის და პერიმეტრზე ნაწილდება. სვიპერი სათითაოდ ამოწმებს ჩაჯდომის ადგილს და მერეღა შედიან ეზოში. გუშინ უპილოტომ აქ იარაღის შემოტანა დააფიქსირა. უნდა ამოიღონ და დასაკითხად წიყვანონ სახლის პატრონი. ჩვეულებრივი, ყოველდღიური დავალებაა.
ავღანური სახლის ჩხრეკვას დიდი დრო მიაქვს. პოზიციებზე მყოფები აჩქარებით სწავლობენ თავიანთ სექტორს და ელოდებიან მჩხრეკავი ჯგუფის გამოსვლას. მზე კი პირდაპირ ხვრეტს ჩაფხუტს და ჯავშან-ჟილეტს და ოფლით გაჟღენთილი ხებეები უკვე შემაწუხებელ ქავილს იწვევს.
მარჯვენა, მიწაზე დაყრდნობილი მუხლი დაუბუჟდა და შეაწუხა. მარცხენა ფეხი ფრთხილად ასწია და მუხლის გვერდიოთ მსუბუქად დაუშვა...
აფეთქების ხმაზე ჩხრეკვა შეწყდა... აფეთქებისას ამოთხრილ ორმოში, მუხლებს ზემოთ მოწყვეტილ ფეხების ნარჩენებს ატოკებდა და იგინებოდა ქართველი ჯარისკაცი...
.******************
აქამდე გაწითლებულს ფერი დაეკარგა. დავინახე როგორ დაიკბინა ქვედა ტუჩი და გაუთეთრდა სახე. მაშინვე აჯობა თავს, მშვიდად დაიხარა, შარვლის ტოტები წამოსწია, ბოტასებს და შარვალს შორის ბუნდად მოლაპლაპე ფოლადის ჩხირები გამოაჩინა და მოულოდნელი მშვიდი ხმით თქვა:
- უკვე მომამტვრიეს იქ, ავღანეთში...
ამჯერად მარშუტკა მშვიდად გაჩერდა. მძღოლი მობრუნდა და ყველა დამუნჯებული მიაჩერდა მეტალის და პლასტმასის ,,ფეხებს“. იქვე ჩავიდა. მძღოლის წინააღმდეგობის მიუხედავად ორის გადაიხადა, თავისი და იმ მედალოსანი მოხუცის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 21
Ymravle saqartvelos eseti vajkacebii